დავრჩი მხოლოდ მე

უცნაური ხასიათი დამჩემდა. ყოველ ღამე ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ. მთელი დღე მხოლოდ ერთ, აკვიატებულ სიმღერას ვუსმენ. სულ მინდა ფეხით დიდხანს ვიარო და მერე, მალე დავიძინო.

ჩემში კიდევ ერთი ცხოვრობდა. ჩემნაირი ხასიათი არ ჰქონდა, ჩემი იყო.  დღეს გავიღვიძე და მარტო ვიყავი. ვეღარ ვიპოვე. ისიც ვერ გავიგე როდის წავიდა. ჩუმად გაიპარა, ფეხის წვერებით გაიარა ალბათ მანძილი ჩემი საწოლიდან კარამდე.  ან მე რატომ ვერ ვიგრძენი მისი წასვლა?  ვუყვარვარ. ერთხელ, ადრეც, გამეპარა. მეორე დღესვე დაბრუნდა. მუხლებზე იდგა. მისმა სუნმა გამომაღვიძა. ტუჩები ჩემს ტუჩებთან მოეტანა და მე მის სუნთქვას ვგრძნობდი.

მაშინ აღიარა, რომ სულელივით მოიქცა და დამპირდა… ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა რას დამპირდა. მთავარია რომ წავიდა. მიზეზი არ ვიცი.
დილით მარტომ უნდა გავიხედო ფანჯრის პატარა ხვრელიდან…
მარტო შევარჩევ ტანსაცმელს…
მარტო ჩავირბენ კიბეზე…
ნაყინსაც მარტო შევჭამ და ვარსკვლავებსაც მარტო დავითვლი…
მარტო დავიძინებ და მარტოს მექნება მოლოდინი, რომ დილით კვლავ შენი სუნთქვა გამომაღვიძებს…

მე ხომ ასე მეშინია მარტოობის…

ფერადი კედლების ქვეშ

ამ სოფელში მხოლოდ ერთი, ფერადი სახლი დგას. ცისფერი, ვარდისფერი და სალათისფერი კედლებით. უკანა ფანჯრები ალაზნის ველს გადაჰყურებს და აივანზე მდგარი თუკი ხელს გაშლი შეგრძნება გაგიჩნდება რომ მიფრინავ. სამწუხაროდ, მათ, ვინ ამ სახლში ცხოვრობენ, გაფრენა არ შეუძლიათ. სურვილი აქვთ, ფიზიკური მდგომარეობა კი ამის საშუალებას არ აძლევს.

ბელგიური მოდელის ანალოგიით შექმნილი ოჯახური ტიპის უნარშეზღუდულთა თავშესაფარი სიღნაღის რაიონის სოფელ ქედელშია. ოდესღაც აქაც ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა ქალაქის ცენტრიდან 50 წუთის სავალზე გაშლილი მინდვრის შუაგულში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს დაინახავ. ერთმანეთს ბურთს უგორებენ და ხმამაღლა იცინიან. ისინი ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობლები არიან და ერთმანეთზე ზრუნავენ. სულ ცამეტნი. ამას გარდა ორი მოხალისე გოგონა გერმანიიდან, რომლებიც ერთი წლით არიან ამ ბავშვების დასახმარებლად ჩამოსულები და ცოლ-ქმარი, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ბავშვებზე ზრუნვა. ფინანსურად იშვიათად თუ ეხმარება ვინმე. ძირითადად იმ პროდუქტით სარგებლობენ, რომელიც თავად მოჰყავთ, მცირეოდენი საქონელი და შინაური ფრინველები ჰყავთ.

ყველანი ერთად იწყებენ მუშაობას დილით ადრე, საქმე გადანაწილებულია. ერთი ეზოს მიხედავს, მეორე საქათმესთან მივა კვერცხები რომ ააგროვოს. მესამეს შინაური ცხოველებისთვის საჭმელი და წყალი აქვს წასაღები. ეს მათი საქმე ვისაც ფიზიკური შრომის უნარი აქვს. დანარჩენები კი ხატავენ ხან ტილოზე, ხან ოთახის კედლებზე, ზოგი თექისგან გასაოცარ ზეწრებსა და ხელჩანთებს აკეთებს. ზოგისთვის მეცადინეობის დროა.  

ანდრო 23 წლისაა და ეზოში ერთ წუთს ვერ ჩერდება უსაქმოდ. პოღოსიანია გვარად, თუმცა რომ შეეკითხო რა გქვიაო, პირველად მაინც პოღოსიანს გიპასუხებს. სახელის დაყოლება შეიძლება დაავიწყდეს კიდეც, მაგრამ მისთვის რა მნიშვნელობა აქვს. გადაწყვიტა რომ ცოლი მოიყვანოს, მხოლოდ ერთი პირობით, ქორწილი თბილისში უნდა გადაიხადოს. იქ ბევრი ხალხი ცხოვრობსო. კონკრეტული პიროვნება შერჩეული არ ყავს. მანამდე, ბილაინის ტელეფონი ახალი ტელეფონითა და მაგთის სიმ ბარათით უნდა შეცვალოს, მერსედესის მოგების იმედით. თუ ვერ მოიგო არაუშავს, “ზოროს ნიღაბი” აქვს და ცხენით მოიტაცებს საცოლეს.

მაგდა ლეკიაშვილი

Follow

Get every new post delivered to your Inbox.