ფერადი კედლების ქვეშ
14 Apr 2010 Leave a Comment
ამ სოფელში მხოლოდ ერთი, ფერადი სახლი დგას. ცისფერი, ვარდისფერი და სალათისფერი კედლებით. უკანა ფანჯრები ალაზნის ველს გადაჰყურებს და აივანზე მდგარი თუკი ხელს გაშლი შეგრძნება გაგიჩნდება რომ მიფრინავ. სამწუხაროდ, მათ, ვინ ამ სახლში ცხოვრობენ, გაფრენა არ შეუძლიათ. სურვილი აქვთ, ფიზიკური მდგომარეობა კი ამის საშუალებას არ აძლევს.
ბელგიური მოდელის ანალოგიით შექმნილი ოჯახური ტიპის უნარშეზღუდულთა თავშესაფარი სიღნაღის რაიონის სოფელ ქედელშია. ოდესღაც აქაც ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა ქალაქის ცენტრიდან 50 წუთის სავალზე გაშლილი მინდვრის შუაგულში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს დაინახავ. ერთმანეთს ბურთს უგორებენ და ხმამაღლა იცინიან. ისინი ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობლები არიან და ერთმანეთზე ზრუნავენ. სულ ცამეტნი. ამას გარდა ორი მოხალისე გოგონა გერმანიიდან, რომლებიც ერთი წლით არიან ამ ბავშვების დასახმარებლად ჩამოსულები და ცოლ-ქმარი, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ბავშვებზე ზრუნვა. ფინანსურად იშვიათად თუ ეხმარება ვინმე. ძირითადად იმ პროდუქტით სარგებლობენ, რომელიც თავად მოჰყავთ, მცირეოდენი საქონელი და შინაური ფრინველები ჰყავთ.
ყველანი ერთად იწყებენ მუშაობას დილით ადრე, საქმე გადანაწილებულია. ერთი ეზოს მიხედავს, მეორე საქათმესთან მივა კვერცხები რომ ააგროვოს. მესამეს შინაური ცხოველებისთვის საჭმელი და წყალი აქვს წასაღები. ეს მათი საქმე ვისაც ფიზიკური შრომის უნარი აქვს. დანარჩენები კი ხატავენ ხან ტილოზე, ხან ოთახის კედლებზე, ზოგი თექისგან გასაოცარ ზეწრებსა და ხელჩანთებს აკეთებს. ზოგისთვის მეცადინეობის დროა. 
ანდრო 23 წლისაა და ეზოში ერთ წუთს ვერ ჩერდება უსაქმოდ. პოღოსიანია გვარად, თუმცა რომ შეეკითხო რა გქვიაო, პირველად მაინც პოღოსიანს გიპასუხებს. სახელის დაყოლება შეიძლება დაავიწყდეს კიდეც, მაგრამ მისთვის რა მნიშვნელობა აქვს. გადაწყვიტა რომ ცოლი მოიყვანოს, მხოლოდ ერთი პირობით, ქორწილი თბილისში უნდა გადაიხადოს. იქ ბევრი ხალხი ცხოვრობსო. კონკრეტული პიროვნება შერჩეული არ ყავს. მანამდე, ბილაინის ტელეფონი ახალი ტელეფონითა და მაგთის სიმ ბარათით უნდა შეცვალოს, მერსედესის მოგების იმედით. თუ ვერ მოიგო არაუშავს, “ზოროს ნიღაბი” აქვს და ცხენით მოიტაცებს საცოლეს.
მაგდა ლეკიაშვილი