“პანჩური” მრწამსისთვის და ცხოვრება არამშობლიურ სოფელში
30 Jan 2011 1 Comment
მომთაბარე ცხოვრება ათეული წლის წინ დაიწყეს. მაშინ, როდესაც 1944 წლის ნოემბერში საკუთარი სახლი უკან დაბრუნების იმედით დაატოვებინეს. ფაია თურმანიძემ მშობლებისგან იცის, რომ უზბეკეთში მიმავალ მატარებელში ისინი მოტყუებით ჩასვეს. მას შემდეგ საქართველოში ვეღარ ჩამოვიდნენ, თუმცა სურვილი მაინც არ დაუკარგავთ. საბოლოოდ კი ფაიამ მეუღლესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში ცხოვრების ნატვრა აიხდინა.
უზბეკეთში დაიბადა. ბოშათა ბანაკის მსგავსად ერთი დასახლებიდან მეორეში, სოფლიდან სოფელში, ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილება და დროებითი საცხოვრებლის მარადიული ძიება უწევდა. ხალხის ერთგვარ დამოკიდებულებას კი ყველაგან იტანდა. მათი მისვლა, მსუბუქად რომ ვთქვათ, დიდად არ სიამოვნებდათ და სამშობლოში დაბრუნებას ურჩევდნენ. ბოლო რამდენიმე წელი აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. იქ, ცხოვრების მანძილზე პირველად კეთილგანწყობილი გარემო დახვდათ, თუმცა, წამოსვლა მაინც გადაწყვეტილი ჰქონდათ. ამას დაერთო ქალაქში ცხოვრების პრეტენზია და ცენტრთან ურთიერთობის სიძვირე.
ფაიას ოჯახმა ტელევიზიით მოისმინა, რომ საქართველოს საზღვრის გადმოლახვა მათთვის სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული. საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის პასპორტებით შემოვიდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გარეუბან საბარგო სადგურში დასახლდნენ და არსებობა თითქმის ახლიდან დაიწყეს.
“სამშობლოს გარეშე ყოფნა ისეთი განცდაა, თითქოს ადამიანს ხელები მოგაჭრეს. მე არ ვთვლი იმ ადგილს, სადაც დავიბადე სამშობლოდ. ჩვენი წინაპრები საქართველოში ცხოვრობდნენ. ყოველთვის ისეთი სიხარულით საუბრობდნენ საქართველოზე, რომ მათი გარდაცვალების შემდეგ, ამ სიხარულის ძალამ დაგვაბრუნა. მშობლებმა ყველაფერი მოგვცეს და სანაცვლოდ მხოლოდ საკუთარ მიწაზე დაბრუნებას გვთხოვდნენ. მირჩევნია, საქართველოში მშიერი ვიყო, მაგრამ მაინც ჩემს ქვეყანაში ვიქნები. აქ გვაფასებენ და კარგადაც მიგვიღეს. სწორედ ამ სტუმართმოყვარეობის გამო დიდი იმედი მაქვს, რომ მოქალაქეობასაც მალე მოგვცემენ. ამ სოფელში ყველანი ისე გვექცევიან, როგორც ოჯახის წევრებს.”-გაგვიზიარა ემოცია საბარგო სადგურის ახალმა მკვიდრმა. More
დაუპატიჟებელი სტუმრები
11 Jan 2011 Leave a Comment
სამცხე-ჯავახეთის შესახებ მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი. საკუთარი თვალით პირველად ვნახე და მოგზაურობიდან გაორმაგებული შთაბეჭდილებებით დავბრუნდი.
“Go Group Media”-ს ორგანიზებით ჟურნალისტებმა ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ახალციხის რაიონები მოვინახულეთ. ყველა ოფიციალური შეხვედრა, რომლებიც ჩვენს ვიზიტამდე 10 დღით ადრეც კი იყო შეთანხმებული (საკრებულოს თავმჯდომარესთან, რაიონის გამგებლებთან და მათ მოადგილეებთან), ჩაიშალა – მრავალფეროვანი და დაუსრულებელი მიზეზებით: დის ქორწილი, ნათესავის გარდაცვალება, სასწრაფოდ თბილისში “რომელიღაც” სამინისტროში გამოძახება. თუმცა ქალაქის ყველა ჩინოსნის მანქანა უწყებების წინ იდგა. ყველაზე მეტად კი ერთი მიზეზი მომეწონა. ახალქალაქის გამგებელმა ნაირი ირიჩიანმა სატელეფონო საუბრისას განგვიცხადა, რომ რაიონში მას არ დავუპატიჟებივართ. თბილისიდან ჩასული ჟურნალისტები “დაუპატიჟებელი სტუმრები” აღმოვჩნდით. ირიჩიანმა ერთი “სასარგებლო” რჩევაც მოგვცა – თუ რამე გაინტერესებთ, ჩვენს საიტს ეწვიეთო. “დაუპატიჟებელმა სტუმრებმა” ვებგვერდის ქექვას მოსახლეობასთან გასაუბრება ვამჯობინეთ.
შეხვედრები ნინოწმინდის სათემო ახალგაზრდული ცენტრიდან დავიწყეთ. აქ რუსული სკოლის პედაგოგებს, ბაღის მასწავლებლებსა და ადგილობრივ ჟურნალისტებს ვესაუბრეთ. 
პირველი თემა კი, რა თქმა უნდა, ახალგახსნილი გზა იყო. რადგან იქაური მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობის პროდუქტის თბილისში ექსპორტია, ეს გზა ფინანსური სარგებლის ნახვის წინაპირობას წარმოადგენს. თბილისთან შედარებით ნინოწმინდაში თითქმის ყველაფერი ძვირია და ადგილობრივებს დედაქალაქის სტუმრობა არცთუ იშვიათად უწევთ. მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი (იგი ჩვენთან შეხვედრაზე იმყოფებოდა) კულტურის სამინისტროს ხშირი სტუმარია, რუსული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დედაქალაქში სხვადასხვა ტრენინგებს ესწრება, ახალგზარდები კი, უბრალოდ, დიდ ქალაქში მჩქეფარე ცხოვრებისკენ ისწრაფვიან. ერთი ახალგაზრდული ცენტრი და კულტურის სახლი, სადაც ძალიან იშვიათად თუ დაიდგმება სპეკტაკლი სომხურ ენაზე – ეს არის ნინოწმინდის გასართობი. “ახალგაზრდული ღონისძიებები, დისკოთეკები და მსგავსი რამ ჩვენს ქალაქში არ არსებობს. რომც არსებობდეს, აქაური მაინც არავინ ივლის. თუ მივა, მხოლოდ სხვის საყურებლად,” – განგვიცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. More