“პანჩური” მრწამსისთვის და ცხოვრება არამშობლიურ სოფელში
30 Jan 2011 Leave a Comment
მომთაბარე ცხოვრება ათეული წლის წინ დაიწყეს. მაშინ, როდესაც 1944 წლის ნოემბერში საკუთარი სახლი უკან დაბრუნების იმედით დაატოვებინეს. ფაია თურმანიძემ მშობლებისგან იცის, რომ უზბეკეთში მიმავალ მატარებელში ისინი მოტყუებით ჩასვეს. მას შემდეგ საქართველოში ვეღარ ჩამოვიდნენ, თუმცა სურვილი მაინც არ დაუკარგავთ. საბოლოოდ კი ფაიამ მეუღლესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში ცხოვრების ნატვრა აიხდინა.
უზბეკეთში დაიბადა. ბოშათა ბანაკის მსგავსად ერთი დასახლებიდან მეორეში, სოფლიდან სოფელში, ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილება და დროებითი საცხოვრებლის მარადიული ძიება უწევდა. ხალხის ერთგვარ დამოკიდებულებას კი ყველაგან იტანდა. მათი მისვლა, მსუბუქად რომ ვთქვათ, დიდად არ სიამოვნებდათ და სამშობლოში დაბრუნებას ურჩევდნენ. ბოლო რამდენიმე წელი აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. იქ, ცხოვრების მანძილზე პირველად კეთილგანწყობილი გარემო დახვდათ, თუმცა, წამოსვლა მაინც გადაწყვეტილი ჰქონდათ. ამას დაერთო ქალაქში ცხოვრების პრეტენზია და ცენტრთან ურთიერთობის სიძვირე.
ფაიას ოჯახმა ტელევიზიით მოისმინა, რომ საქართველოს საზღვრის გადმოლახვა მათთვის სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული. საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის პასპორტებით შემოვიდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გარეუბან საბარგო სადგურში დასახლდნენ და არსებობა თითქმის ახლიდან დაიწყეს.
“სამშობლოს გარეშე ყოფნა ისეთი განცდაა, თითქოს ადამიანს ხელები მოგაჭრეს. მე არ ვთვლი იმ ადგილს, სადაც დავიბადე სამშობლოდ. ჩვენი წინაპრები საქართველოში ცხოვრობდნენ. ყოველთვის ისეთი სიხარულით საუბრობდნენ საქართველოზე, რომ მათი გარდაცვალების შემდეგ, ამ სიხარულის ძალამ დაგვაბრუნა. მშობლებმა ყველაფერი მოგვცეს და სანაცვლოდ მხოლოდ საკუთარ მიწაზე დაბრუნებას გვთხოვდნენ. მირჩევნია, საქართველოში მშიერი ვიყო, მაგრამ მაინც ჩემს ქვეყანაში ვიქნები. აქ გვაფასებენ და კარგადაც მიგვიღეს. სწორედ ამ სტუმართმოყვარეობის გამო დიდი იმედი მაქვს, რომ მოქალაქეობასაც მალე მოგვცემენ. ამ სოფელში ყველანი ისე გვექცევიან, როგორც ოჯახის წევრებს.”-გაგვიზიარა ემოცია საბარგო სადგურის ახალმა მკვიდრმა.
მოქალაქეობისთვის საჭირო ყველა საბუთი უკვე მზად აქვთ და განსახილველად თბილისშია გადაგზავნილი. ახალციხის საპასპორტოდან წლის ბოლომდე მხოლოდ დადებით პასუხს ელოდებიან. პირადობის ახალ მოწმობაში ფაიას ქართული გვარი, თურმანიძე ოფიციალურად დაფიქსირდება. ამასთან, ავტომატურად გაუქმდება აზერბაიჯანის მოქალაქეობა და ის დახმარება თუ პენსია, რომელსაც ამ მოქალაქეობის ხარჯზე იღებდნენ. (აღსანიშნავია, რომ ფაიას ოჯახი ორმაგ მოქალაქეობას კი არა, მხოლოდ საქართველოსას ითხოვს).
აზერბაიჯანში რაც კი რამ ჰქონდათ, გაყიდეს და ახლა სოფელ საბარგო სადგურში, ჭონქაძის 18 ნომერში ორსართულიან სახლში ცხოვრობენ.
საცხოვრებლის ძიებისას არაერთ პრობლემას გადააწყდნენ, რომელიც ძირითადად მათ რელიგიულ მრწამსს უკავშირდებოდა. ფაიას წინაპრები ადიგენის რაიონის სოფელ პატარა სამადადან გაასახლეს. წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულს სწორედ წინაპრების მშობლიურ სოფელში უნდოდა დასახლება. მაჰმადიანობის გამო, სოფელ პატარა სამადაში სახლის შეძენის უფლება არ მისცეს. მეზობლები აუმხედრდნენ და ფაია იძულებული გახდა სხვაგან დასახლებულიყო.
“სწორედ ამ სოფელში მინდოდა ერთი, თუნდაც პატარა სახლის ყიდვა. მეზობლებმა, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ ამის უფლება არ მომცეს. თავდაპირველად, როდესაც ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსულმანები მოდიოდნენ, წინააღმდეგები არ იყვნენ და პირიქით, ამბობდნენ სიამოვნებით მივიღებთო. როდესაც საქმე საქმეზე მიდგა გამოგვიცხადეს ბინა არ იყიდებაო. მიუხედავად იმისა, რომ რუსულად ველაპარაკებოდი, ისინი ქართულად რასაც ამბობდნენ კარგად მესმოდა. იქაურმა მეზობლებმა, რომელბიც ჩემთან ახლოს იყვნენ, მითხრეს რომ უბრალოდ ჩვენი შეშვება არ უნდოდათ სოფელში. ყოველთვის მიჩნდება კითხვა, ჟურნალისტების, ჩვეულებრივი ადამიანების, სახელმწიფოს მიმართ. რატომ არ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ იქ სადაც გვინდა, ჩვენ რა ადამიანები არ ვართ?”.
მსგავს წინააღმდეგობას არ შეხვედრიან ახალციხის რაიონის სოფელ საბარგო სადგურში. ალბათ იმიტომ, რომ ამ სოფელში ქართველებთან ერთად, სომხები ცხოვრობენ და რელიგიური დაპირისპირება არასოდეს მომხდარა. აზერბაიჯანიდან ჩამოსახლებულ ოჯახთან ურთიერთობისთვის აქ თავი არავის აურიდებია. დღესასწაულებს ერთად აღნიშნავენ და დახმარების გაწევაზეც არ ამბობენ უარს.
ფაიას სახლის ეზოში შესვლისთანავე თვალში მომხვდა მიწის გადმობრუნებული შავი ბურთები, რომლებიც სიმეტრიულად ერთმანეთის გვერდგვერდ იყო დაწყობილი. მიწას მასპინძლის დისშვილი ბარავდა. ჩვენი შესვლა ერთგავარად ეუხერხულა და წამოწითლებული ლოყებით მუშაობა შეწყვიტა.
ფანჯრიდან ამ დროს ფაის ნაბოლარა, მესამე ბიჭი იჭვრიტება და ქართულად გვესალმება. მშობლებისგან განსხვავებით, ქართულს კარგად ფლობს. ქართულ სკოლაში დადის და მისი სამეგობროც ქართველი ბავშვების ტანდემია. ამჟამად სწავლაში ფულს არ იხდის, თუმცა წლის ბოლომდე მოუწევს. 420 ლარი იმისთვის არის საჭირო, რომ პირადობის ნომრის არმქონე ბავშვებმა განათლების მიღება შეძლონ. ეს თანხა ეკვივალენტურია ნებისმიერ სკოლაში ერთ ბავშვზე გამოწერილი ვაუჩერისა.
სწავლის გადასახადის პრობლემა მხოლოდ ფაიას ოჯახისთვის არ წარმოადგენს ბარიერს. მსგავს მდგომარეობაში სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ყველა ის მოსწავლეა, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის. აღნიშნული გაურკვევლობის მოსაგვარებლად პროცესში ახალციხეში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტობა” ჩაერთო. ჩვენ საშუალება გვქონდა პირადად გავსაუბრებოდით ორგანიზაციის დირექტორს ქალბატონ ცირა მესხიშვილს და მოგვეგროვებინა ინფორმაციას მაჰმადიანი მესხების პრობლემების შესახებ.
“ჩვენს სკოლაში დღესდღეობით 14 ბავშვის პრობლემა გვაქვს. ბავშვებს არ აქვთ პირადი ნომრები და ამის გამო სკოლას ამ ბავშვებზე არ აქვს ვაუჩერი. სწორედ ამის გამო, მშობლები იძულებულები არიან ფული გადაიხადონ. დაახლოებით 420 ლარი უნდა შეიტანოს ერთმა ბავშვმა, რომ მიიღოს ატესტატი. ნიშნების დაწერაც კი არ შეიძლება მათთვის. ამ შემთხვევაშიც კი მხოლოდ სწავლის უფლება ეძლევათ, ატესტატს მაინც ვერ მიიღებენ.”- განამრტავს ცირა მესხიშვილი. აღსანიშნავია, რომ პრობლემა მხოლოდ რეპატრიატებს არ აქვთ. ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეს ბარიერი აქვს. ამ ბავშვებთან დაკავშირებით წერილი “ტოლერანტობამ” განათლების სამინისტროშიც გააგზავნა. მიღებულ პასუხში კი ეწერა, რომ მიუხედავად უცხო ქვეყნის მოქალაქეობისა, ყველას აქვს უფლება უფასოდ ისწავლოს და სხვა ბავშვებივით დაამთავროს სკოლა. პასუხის მიღებიდან 3-4 თვის შემდეგ კანონში განათლების შესახებ ცვლილებები შევიდა, რომელიც მიხედვითაც უფასოდ სწავლის უფლება ქრებოდა.
განათლების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები რეგიონში მას შემდეგ წამოიჭრა, რაც არალეგალური მესხების რაოდენობამ იმატა. თუკი სკოლაში მხოლოდ ერთი ან ორი ჩამოსახლებული ბავშვი სწავლობდა, დირექტორისა და ინტელიგენციის დამოკიდებულება საკმაოდ ჰუმანური იყო. მაგრამ როდესაც მათმა რაოდენობამ 11 მიაღწია, 11 ბავშვზე გამოუწერელი ვაუჩერი სერიოზული დანაკლისი აღმოჩნდა. ამის გამო კი შესაძლო იყო სკოლის დირექტორი დაესაჯათ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ბავშვის მშობელს, მაგალითად მამას აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ისინი მაინც პრობლემურ სიაში არიან შეყვანილნი. მოქალაქეობას თავად ვერ იღებენ, ვინაიდან არც ერთი საბუთი არ აქვთ წესრიგში. ქალბატონი ცირა აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს დადანაშაულება არასწორია. მაჰმადიანი მესხები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. სწორედ ამიტომ, ერთი ბავშვი ყირგიზეთშია დაბადებული, მეორე კი აზერბაიჯანში. ამ შემთხვევაში რა ნაბიჯი უნდა გადადგას სახელმწიფომ? მას მოქალაქეობის გაცემის უფლება დაბადების მოწმობის საფუძველზე აქვს.
“ვეუბნები რომ უნდა ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში. ესენი მიჩვეულები არიან საბუთების მოწესრიგებაში ქრთამის გადახდას აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში. საქართველოში რომ დახვდათ ყველაფერი ცენტრალიზებული, კანონის ფარგლებში, ამას ვეღარ შეეგუენ. ვუხსნით, რომ მოდიან ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში, სადაც არის კანონი, რეესტრი და ნოტარიუსი. ახალ ჩამოსულებს პრობლემა აქვთ იმიტომ, რომ ორმაგ მოქალაქეობას ითხოვენ”-დასძენს მესხიშვილი.
გადასახლებული მესხების საქართველოში მასობრივი დაბრუნება მას შემდეგ დაიწყო, რაც სანკ-პეტერბურგში დაარსდა მესხების ცნობილი ორგანიზაცია “ვატანი”. თანმიმდევრულად ოფისები გაიხსნა აზერბაიჯანსა და საქართველოში. ამ უკანასკნელში კი დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობას სამშობლოში აუცილებელი დაბრუნების შესახებ ესაუბრებოდნენ. ამასთან არწმუნებდნენ, რომ მესხეთში დასახლებასა და მიწების შეძენას წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა. საზოგადოებას “ვატანებისგან” არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრების უფლების ქონა ავტომატურად მოქალაქეობის მიღებას არ ნიშნავს. “ვატანებისთვის” მესხების ჩამოსახლება მხოლოდ მატერიალურ ინტერესზეა დამყარებული. ისინი იღებენ დაფინანსებას თითოეულ ოჯახზე. ბუნებრივია 5 ოჯახზე გამოყოფილი თანხა ბევრად ნაკლებია 5000 ოჯახზე გაწერილ თანხაზე.
“ეს ხალხი ჩამოსულია მოტყუებით. ჩვენ სულ ვეუბნებოდით როცა ჩვენთან კონსულტაციაზე ჩამოდიოდნენ, რომ ეს ბარიერები შეექმნბოდათ.და ვაფრთხილებდით ამის შესახებ. ვეუბნებოდით, რომ კანონი რეპატრიაციის შესახებ უკვე მიღებულია და მარტიდან ამოქმედდებოდა. უნდა დალოდებოდნენ სტატუსის მიღებას და ბევრად გაუადვილდებოდათ მდგომარეობა. სამწუხაროდ ეს ადამიანები უსმენდნენ იმ ოფისის წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე დაიხურა. ქართული მოსახლეობისგან ამ ადამიანების მიმართ არის გარკვეული აგრესია და ჩვენი დამსახურებაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ჩამოვიდნენ აზერბაიჯანიდან შეხვდნენ კეთილგანწყობილები. ჩვენ მათ ხშირად ვხვდებოდით და ვესაუბრებოდით, რომ ეს მესხები ჩვენი სისხლი და ხორცია, რომ არიან დაჩაგრულები და უნდა მივიღოთ როგორც თანასწორი. რეპატრიაცია იმას კი არ ნიშნავს ეს ადამიანები ვაგონში ჩაყარო და ისე ჩამოიყვანო. აქ საჭიროა ყველა საფეხურის ეტაპობრივად განხორციელება. ამაზე იხარჯება უამრავი ფული, რომ საზოგადოება შევამზადოთ. ჩვენმა ორგანიზაციამ გადაიღო ფილმები, ვაწყობდით შეხვედრებსა და ტრენინგებს. მთელი 5 წელი დაგვჭირდა ამისთვის.”-აღნიშნა ჩვენთან საუბარში “ტოლერანტობის” დირექტორმა.
რეპატრიაციის კანონის ამოქმედებიდან სტატუსის მიღების მსურველთა რაოდენობა 5 000-მდე გაიზარდა. თუმცა, ცირა მესხიშვილის განმარტებით, ყველა ამ ადამიანის სამცხე-ჯავახეთში დასახლება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. სამცხე-ჯავახეთში განთავსდება სარეაბილიტაციო ცენტრები, ხოლო მესხები მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე შეიძლება სერიოზულ დაპირისპირებამდე მივიდეს. როდესაც ქართულ სოფელში განსხვავებული რელიგიის ამდენი ადამიანი ერთდროულად ჩამოვა, ჩვენი მოსახლეობის მენტალობიდან გამომდინარე, შეგუების პროცესი მეტად რთული აღმოჩნდება.
მაგდა ლეკიაშვილი