იასამანი ყვავის

ყოველი დილა დიდი ხანი გავდა ერთმანეთს. ერთნაირი დასაწყისითა და განწყობით. ერთნაირი ადამიანებითა და გარემოთი. და სწორედ მაშინ, როცა ცვლილებები საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში, დილით, ღია ფანჯარაში  შემოსულმა გასაოცარმა არომატმა თავგზა ამირია. გაზაფხული უკვე მიიპარება და მე მხოლოდ ახლა ვიგრძენი მისი არსებობა. მხოლოდ ახლა გაფერადდა სამყარო და გაღიმება დაიწყო. ჩემს ბაღში იასამანი აყვავდა, საოცრად მუქი შეფერილობის, თანაც ერთი განსაკუთრებული თვისების მატარებელი. აბრუებს გარემოს და გარშემომყოფებს. ჯერ კიდევ სულ პატარა ბავშვი ვიყავი და დახუჭობანას თამაშისას სამალავს ვერ ვპოულობდი. ერთხელ, სრულიად შემთხვევით გადავწყვიტე ბაღში შეპარვა. მწვანე ტოტების ქვეშ ჩავიცუცქე და იასამანი გადავიფარე. მაშინ დარჩა ჩემს მეხსიერებაში მისი განსაკუთრებული სუნი, ფერი და დღემდე, როცა მინდა ცოტა ხნით მაინც გადავვარდე ბავშვობაში და დახუჭობანა საკუთარ თავს მაინც ვეთამაშო, აუცილებლად შემომაქვს ოთახში იასამნის ვებერთელა თაიგული. მას თავისთავად, გაზაფხული მოყვება, გაზაფხულს მზიანი დღე, მზიან დღეს კი სახლში ჯდომა არ შვენის.

ფეხით მივუყვებოდი გზას. სამშობიარო სახლს მივუახლოვდი. ვიღაც რამდენიმე წუთში მამა უნდა გახდეს. მე შორიდან ვაკვირდები მის ქცევას. ფანჯრის ქვეშ ატუზულა, ხან ცმუკავს და აქეთ-იქით დადის. თვალს არ აშორებს ფანჯარას. ყველაზე ლამაზი იასამნის თაიგული შეურჩია საყვარელ ქალს. დათას და ეკას დიდი ხანია ერთმანეთი რაც უყვართ. ერთმანეთი სწორედ მაშინ გაიცნეს, როცა იასამანი ყვაოდა. ახლაც განგებ მოართვა მეუღლეს მისთვის საყვარელი ყვავილი. საკმაოდ ახალგაზრდები არიან, მაგრამ ოჯახი მაინც შექმნეს. ახლა ორივე მათგანი ძალიან ღელავს. ეკა დროდადრო იყურება ფანჯრიდან, სანამ საკუთარი სხეული ნაწილს ქვეყანაზე ერთ, პატარა ადამიანად მოავლენს.

ასეთი რამ  განა მაშინ არ ხდება, როცა ციდან ჩამოვარდნილი თეთრი ფიფქი გადნება ტუჩზე. უბრალოდ, იასამნის ყვავილობისას, ყველაფერს სხვაგვარად აღვიქვამ.